საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის ციხეში მონახულებაზე პარლამენტის თავმჯდომარისგან ნებართვა ვერ მიიღო.
„როგორც პარლამენტის წევრმა, ლაზარესთან შესვლის უფლება ვითხოვე, რისი უფლებაც მაქვს, როგორც დეპუტატს. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან უარი მივიღე, დაკავებული ციხეში მომენახულებინა. ეს მოხდა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ციხეში მისი უფლებები ირღვეოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე უარს ამბობს, დეპუტატმა ვისარგებლო კონსტიტუციური უფლებით. ამ პირობებში ეჭვი მიღრმავდება, რომ მისი უფლებები არის სერიოზული რისკის ქვეშ“, – აცხადებს ნაცვლიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პაპუაშვილის ეს გადაწყვეტილება რაციონალურია.
„სათანადო პირებს, მაგალითად ადვოკატს, ოჯახის წევრებს აქვთ პატიმრის მონახულების საშუალება. ეს არის გარანტია, რომ არავის უფლებები არ იქნება დარღვეული. რაც შეეხება ამ საქმეში ჭარბ პოლიტიზებას, ამის არ დაშვების ლეგიტიმური უფლება მგონი ყველას აქვს და შესაბამისი გადაწყვეტილება რაციონალურია. თუ ვინმეს უნდა დარწმუნდეს უფლებების არ დარღვევაში არსებობენ შესაბამისი პირები. მაგალითად ადვოკატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ნაცვლიშვილის საპასუხოდ.
მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს თავდაპირველად მასთან ადვოკატი არ შეუშვეს, ასევე გრიგორიადისს პენიტენციურმა დაწესებულებამ თმის გადაპარსვა მოსთხოვა. მას ამის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა დაემორჩილა მოთხოვნას.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. მათივე მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.