„ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვენ.
ეს პარტიებია: „ენმ”; „ახალი”; „ლელო”.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპებით:
- რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის სამართლებრივი დასაბუთება;
- რამდენად უქმნის პარტია რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.
პაპუაშვილისვე თქმით, „არ იკვეთება შემდეგი პარტიების აკრძალვის აუცილებლობა”: „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“.
შალვა პაპუაშვილმა თქვა:
„ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ”.
მისი განცხადებით, პარტიებთან კოალიციებთან მჭიდროდ დაკავშირებულები არიან სხვა პოლიტიკურ პარტიებიც, რომლებიც კოალიციის წევრები არიან. პაპუაშვილმა თქვა, რომ აკრძალვა მათ არ შეეხებათ.
„ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია – დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან.
თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები.
თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.
მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას – პაპუაშვილი ამბობს, რომ მათ პარლამენტში შესვლით „თავი გადაირჩინეს”.
„პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ შემთხვევაში მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა იმ ნაბიჯით, რომ მანდატები შეინარჩუნეს და პარლამენტში საქმიანობა განაახლეს, ამ არგუმენტიდანაც თავი გაითავისუფლეს“. – თქვა მან.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების შემდეგ საკრებულოებში მოხვდნენ, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ოცნება” კონსტიტუციური სარჩელით არ მოითხოვს მათი უფლებამოსილების შეწყვეტას.
„ლელოს” საკრებულოებში 59 დეპუტატი ყავს.
„ამით, უპირველეს ყოვლისა, გვსურს, პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს და განსხვავებით თავად პარტია „ლელოსგან“, რომელმაც მისი ამომრჩევლისგან მინიჭებული საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარი თქვა, საკრებულოებში შევინარჩუნოთ ამომრჩევლის მიერ გაცემული მანდატი”. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის რელევანტური არ არის ცალკეული ინდივიდებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა.
„ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს მემკვიდრე პარტიის სახით, იძლევა უფრო ფართო შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან/იქნებიან დაკავშირებული აკრძალულ პარტიებთან, მათი არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობა აღკვეთონ. უფრო მოქნილი და ფართო ინსტრუმენტია, ვიდრე იქნებოდა, თუ ჩვენ ინდივიდებიდან შემდგარ სიას ჩამოვაყალიბებდით“. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
რა საფუძვლით შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა
- ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
- აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
- ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებით პარტიის შექმნა და საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციითაა დაუშვებელი (მუხლი 23).
13 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).
ამას გარდა, ოცნებამ 16 ოქტომბერს მიიღო კანონში ცვლილება, რომელიც კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლების, ასევე არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებს.