პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“

პუბლიკა

„სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რითაც განმარტავს, რატომ არ ესწრება მმართველი გუნდი კონფერენციას „პუტინიზმის დამარცხება“.

„ისინი იქ არა მხოლოდ სტუმრებად არიან დაპატიჟებულები, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გააჟღერონ ასეთი სახით კონფერენციებზე, ასევე, რა თქმა უნდა, მონაწილე ზოგი უცხოელი გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, მაგალითად, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად ისეთი ადამიანებისა და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღის წესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ორდღიანი კონფერენცია, რომლის მთავარი თემებია: ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება, ოფიციალურად დღეს გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეები გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.