„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შალვა პაპუაშვილს აშკარად დაავიწყდა, პარლამენტში დეპუტატად რომ მუშაობს და არა მანდატურად.
„ერთადერთი, რაც ჩემთვის მისაღები იყო, იყო ის ბანერები, რომლებიც მედიამ გადმოკიდა. მედიას აქვს უფლება, გამოხატოს პროტესტი დაღუპული ოპერატორის გამო, დარბევის გამო, რომელიც 5 ივლისს მოხდა, მაგრამ რაც გუშინ მოხდა სხდომათა დარბაზში ორივე მხრიდან, ჩემთვის მიუღებელია. ჯერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ შეხტებიან სკამებზე, მაგიდებზე, ყირაზე გადადიან, მერე აშკარად დეპუტატ პაპუაშვილს დაავიწყდა, რომ მანდატურად არ მუშაობს და დეპუტატია. ამოიჩარა ეს თინა ბოკუჩავა იღლიაში და ათრია აქეთ-იქით და ჩაიშალა სხდომა. ეს არის მიუღებელი. მე პირადად, კვირა დღეს მოვედი, რომ მომესმინა გომელაურისთვის და კითხვები დამესვა, რაც მე პირადად და საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არ იცის რომელი მუხლი დაარღვია პაპუაშვილმა, „თუმცა ადამიანურად ძალიან რთული სანახავი იყო, თან დინჯი კაცია პაპუაშვილი და ეგრე რატომ აცეტდა, არ ვიცი“, – განაცხადა ელისაშვილმა
18 ივლისის რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩაშლის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი მოუწოდებენ, პარლამენტის ეთიკის საბჭოს, შეუწყვიტონ უფლებამოსილება უმრავლესობის დეპუტატებს შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს.
გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.