პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ 9 პირი დააკავა

პუბლიკა

პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ 9 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საგამოძიებო უწყება ცდილობს დაადგინოს, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუ მას ჰყავდა თანამზრახველები. Reuters-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის იყო. გამოცემა პოლიციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულები არიან მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავები. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარი შეაფასა, როგორც ისლამისტური ტერორიზმი.

მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა დაგმეს  მკვლელობა და ის შეაფასეს, როგორც შეტევა, საფრანგეთის სახელმწიფოებრიობისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.


პარიზში ისტორიის მასწავლებელს თავი მოკვეთეს. შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა მოკლეს. მასწავლებლის ცხედარი სკოლასთან ახლოს იპოვეს.

სააგენტო „ფრანს-პრესს“ პოლიციამ განუცხადა, რომ „მასწავლებელმა მოსწავლეებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა აჩვენა“. გამოცემა Le Monde-ს ცნობით, მასწავლებელი მოსწავლეებს კარიკატურასთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლებაზე ესაუბრებოდა. კარიკატურა სატირულ ჟურნალ „ჩარლი ებდოში“ გამოქვეყნდა. ამის გამო ჟურნალის რედაქციას 2015 წელს თავს დაესხნენ და 12 ადამიანი მოკლეს. საქმეს ანტიტერორისტული სამსახური იძიებს.