მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე წელია, ოქროსუბანში პარკს მოითხოვენ, მის მოწყობას თბილისის მერიის მიერ შექმნილი ვებგვერდითაც ცდილობენ. ვებგვერდზე, რომელზეც მოქალაქეები ქალაქის მერს აცნობენ იდეებს, რომლებიც, მოწონების შემთხვევაში, შესაძლოა, განხორციელდეს, ოქროს უბანში პარკის მოწყობის ინიციატივაც დარეგისტრირდა.
„ოქროს უბანში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია – ავტოტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ხმაური ამ ადგილს ცხოვრებისთვის უვარგისად ხდის. ასეთ პირობებში დასასვენებელი, სათამაშო, სასპორტო სივრცე მისწრება იქნებოდა და საამისო ადგილი ოქროს უბანს აქვს კიდეც“, – წერია იდეის გვერდზე, რომელიც მიხეილ ტარასაშვილის სახელითაა დარეგისტრირებული.
საუბარია 1,5 ჰექტრამდე ფართობის მოედანზე ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილისა და კლდიაშვილის ქუჩებს შორის არსებულ კვარტალში.
„ეს თბილისის თვითმმართველობის, ე.ი. მოქალაქეების, საკუთრებაში მყოფი ერთადერთი ადგილია არა მარტო ამ უბანში, არამედ გაცილებით დიდ არეალზე, სადაც გამწვანებული, დასასვენებელი სივრცის მოწყობა შეიძლება. ოქროს უბნელებმა რამდენჯერმე მიმართეს ქალაქის მმართველობას აქ პარკის მოწყობის მოთხოვნით. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქალაქის მმართველობას აღნიშნული კვარტალის არც გამოსყიდვა ჭირდება ვინმესგან, არც ადგილმონაცვლეობა – ის მოქალაქეებისაა. არც ხარჯია გასაწევი ისეთი, თბილისის მმართველობამ რომ ვერ იტვირთოს.
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას რომ აქ, ტრანსპორტით გადაჭედილ ქალაქის ისტორიულ უბანში, პარკის მოწყობა ამოასუნთქებდა არა მარტო ოქროს უბნის მცხოვრებლებს, ეს მთლიანად თბილისის პრესტიჟსაც ერთი ორად აამაღლებდა“, – ნათქვამია ინიციატივის გვერდზე არსებულ მიმართვაში.
ოქროსუბნელების, „ახალგაზრდა მწვანეების“ და „ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორიის“ იდეის მხარდაჭერა მერიის ვებგვერდზე მოქალაქეებს 15 მარტამდე შეუძლიათ.
ოქროს უბანში ამ ადგილას პარკის მოსაწყობად ადგილობრივებმა მერიას არაერთხელ მიმართეს. მათ რამდენიმე აქციაც გამართეს. „ქალაქმგეგმარებელთა რეალურმა ლაბორატორიამ“ კვლევაც ჩაატარა, რომელიც ამ ადგილას პარკის მოწყობის საჭიროებასა და შესაძლებლობას ეხებოდა.