ავტომანქანის პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10-დან 50 ლარამდე გაიზარდა. – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.
„პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი და მოვითხოვეთ, რომ ეს თანხა გაზრდილიყო. გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით გაზარდა ჯარიმა და ახლა პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმა შეადგენს 50 ლარს.
პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის განმაპირობებელი ფაქტორია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოება, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალური საათობრივი პარკირება“, – ამბობს კალაძე.
თბილისის მერის თქმით, სამართალდარღვევის ოქმი განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე – Tb.ge
„გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე, ის მიიღებს 20-პროცენტიან ფასდაკლებას და არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შენიშვნა: თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ პროექტი მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დეპუტატებს ცვლილება მესამე მოსმენით დღეს უნდა განეხილათ და ის ჯერ დამტკიცებული არ არის. თუმცა, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი არ უყარეს კანონპროექტს, რომელიც თბილისში არასწორ პარკირებაზე ჯარიმის 50 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკითხის განხილვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებამდე გადადო.