პარლამენტარები, სადაც კარანტინი გამოცხადდა, ყველგან წინა ხაზზე იყვნენ - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარლამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს მთავრობასთან ერთად საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში და ყველა გადაწყვეტილების მიღებაში არის ჩართული.

„პარლამენტი წარმოდგენილია მთელი ეკონომიკური ბლოკით ეკონომიკურ საბჭოში. პარლამენტის წევრები ძალიან აქტიურად მუშაობენ რეგიონებში და მათ შორის, კარანტინი სადაც გამოცხადდა, იყვნენ წინა ხაზზე. მაჟორიტარი დეპუტატები ყველა რაიონში ორგანიზებას უკეთებენ ოჯახებისთვის დახმარების მიწოდებას“, – ამბობს თალაკვაძე.

ამის გარდა, მისივე თქმით, დეპუტატები მუშაობენ საკანონმდებლო მიმართულებით.

„გასაკვირი არ არის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციამ საერთოდ ვერ იპოვა თავისი თავი ამ პროცესში, ვინაიდან მათი მუშაობის მთავარი მიზანია, ან სხვისი გაკეთებული დაანგრიონ, ან სხვის გაკეთებულზე თქვან, რომ ეს არ ვარგა. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში ამის დრო და ადგილი აღარ რჩება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.