პარლამენტარები უფრო მეტად უნდა ვიბეგრებოდეთ და მეტ საშემოსავლოს ვიხდიდეთ – ნაცვლიშვილი

პუბლიკა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები, მათ შორის, პარლამენტარები უფრო მეტ საშემოსავლო გადასახადს უნდა იხდიდნენ. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენი ეკონომიკის პრობლემა დღეს არაა მხოლოდ, რომ არ ვაწარმოებთ, ვერაფერს ვაწარმოებთ და განუვითარებელი ეკონომიკა გვაქვს. ჩვენი ეკონომიკის პრობლემა იმ სტრუქტურიდან გამომდინარე, საცალო ვაჭრობის, სერვისის, მშენებლობის სექტორის დ ა.შ. დგას იმაში, რომ ხალხს ფული არ აქვს, მსყიდველობითუნარიანობა არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ მსყიდველობითუნარიანობა  გავზარდოთ მოსახლეობის, რათა მეტი ფული დახარჯონ და ეკონომიკის სტიმულირება მოახდინონ.

გადასახადები არა მხოლოდ სოციალური სამართლიანობის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში, არამედ ვიღაც უფრო მეტად უნდა დაიბეგროს, მაგალითად, პარლამენტის წევრი უნდა დაიბეგროს უფრო მეტად.

აქ სოფო კილაძე გამოვიდა სხდომაზე და დაგვამადლა, რომ ჩვენი ხელფასის 1/3-ს ვიხდითო. შემოვიღოთ კანონი, ამდენი ხანია, მაგას ვითხოვთ, რომ ჩვენ ისე არ უნდა ვიბეგრებოდეთ, როგორც ის, ვისაც, მაგალითად, ხელფასი 1000 ლარი აქვს. ისიც და მეც 20%-ს არ უნდა ვიხდიდეთ. მე უნდა ვიხდიდე ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ის,  ვისაც 1000 ლარი აქვს და ამას დამადლება არ სჭირდება.  პრემიერ-მინისტრმა თქვა, სახელმწიფოებრიობისკენ გადადგმული რამხელა ნაბიჯიაო, როდესაც დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი შემოსავლის 1/3-ს დებენო. ნებაყოფლობითობაზე ხომ არ დგას? სახელმწიფო დგას უნივერსალიზმის პრინციპზე“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.