პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, დაახლოებით 30% - კობახიძე

პუბლიკა

,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს შეფასებებს, თითქოს საზოგადოებასა და მედიაში ნაკლებად იმის გამო ჩანს, რომ „მისი პერსონალური ფაქტორი ელექტორატში პოპულარობით არ სარგებლობს“, – ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ხშირად ატარებენ კვლევებს, რომლითაც მათივე ლიდერების მოწონების მაჩვენებლის გაზომვა ხდება, ასეთი კვლევებით კი მისი პერსონალური რეიტინგი პარლამენტის წევრებს შორის ყველაზე მაღალი – 30%-ია.

„მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხალისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ აქტიურობს საჯაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში.

ის აღნიშნულის მიზეზად მის, როგორც შტაბის ხელმძღვანელის საქმიანობას ასახელებს და ამბობს, რომ ყველაფერი ეს „ძალიან დიდ დროსთანაა დაკავშირებული“.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ასეთივე სახით იყო ჩართული 2020 წლის არჩევნებში და ამ საკითხზე „სპეკულაციები მაშინაც იყო“.

მისი კომენტარის წერილობით ვერსიას სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.