პარლამენტი 60 მანქანის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს

პუბლიკა

პარლამენტი 60 მანქანის ჩასანაცვლებლად 6.7-მილიონ ლარიან შესყიდვას აცხადებს.

საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით პარლამენტის აპარატის ბალანსზე ირიცხება 89 ერთეული მანქანა, (მათ შორის საპროტოკოლო, სამორიგეო და სამგზავრო მიკროავტობუსები დელეგაციების მომსახურებისთვის).

პარლამენტის ცნობით, მათი უმეტესობა 2015 წელს თბილისში ჩატარებული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური ღონისძიების შემდეგ, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადმოცემული, მეორადი მანქანებია, ასევე, მათი ნაწილი 2007-2013 წლებში შეძენილი სხვადასხვა მარკის მანქანაა.

პარლამენტი წერს, რომ მათ უმეტესობას გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და მათი საბალანსო ღირებულება განულებულია.

წლების მატებასთან ერთად, გაზრდილია ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯი (საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 12-15 ლიტრს, ხოლო შეკეთების საშუალო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე შეადგენს 5000 ლარს), რაც თავის მხრივ გამოწვეულია ექსპლუატაციის შედეგად მიღებული ცვეთით (ავტომანქანების საშუალო გარბენი შეადგენს 300,000 კმ).

ამიტომაც, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამორტიზებული ავტოპარკის ჩანაცვლების, საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვისა და გარემოს მიმართ ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით, პარლამენტის აპარატი გეგმავს 2025 წლისთვის, არსებული შიდა წვის ძრავიანი 60 ერთეული ამორტიზებული ავტომანქანის ჩანაცვლებას ჰიბრიდული ტიპის ავტომანქანებით.

„აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე საშუალო წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე შეადგენს 4-6 ლიტრს (ეკონომია – 8-9 ლიტრი), ხოლო ტექნიკური მომსახურების სავარაუდო წლიური ხარჯი ერთ ავტომანქანაზე – 700-1000 ლარს (ეკონომია ერთ ავტომანქანაზე მხოლოდ ტექნიკური მომსახურების ნაწილში შეადგენს დაახლოებით 4 000 ლარს).

გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 712 230 ლარი, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5 557 800 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების (საწვავი და ტექნიკური მომსახურება) საპროგნოზო ჯამურ ხარჯს”, – აცხადებს პარლამენტი.

საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ შესყიდვის პროცედურას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით.

ასევე, პარლამენტის განცხადებით, შესყიდვის პროცედურებისა და საქონლის მოწოდების გრაფიკის მიხედვით, შეძენილი ავტომანქანები ექსპლუატაციაში შევა 2025 წლიდან 0 მომდევნო, მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის.

შესყიდვის პროცედურის დასრულების შემდგომ ამორტიზებული ავტომანქანები გადაეცემა ქონების მართვის სააგენტოს შემდგომი რეალიზაციის მიზნით.