მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს, დღის წესრიგში დადგა საკითხი, უნდა შეუწყდეს თუ არა იმ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
პარტია „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დააკვირდებიან, რა იქნება საზოგადოების დაკვეთა, რადგან საპარლამენტო პარტიები ხალხის ფულით ფინანსდება.
„საზოგადოებამ იცის, რომ მათი გადასახადები უნდა დაიხარჯოს იმაში, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა იმუშაონ პარლამენტში, ოპონირება გაუწიონ როგორც მმართველ გუნდს, ასევე მთავრობას. დავაკვირდებით საზოგადოების აზრს ამასთან დაკავშირებით, რა იქნება მოქალაქეების დაკვეთა დაფინანსებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ პარტია ამომრჩევლის მინიჭებულ მანდატზე უარს ამბობს, მან არ უნდა მიიღოს ის პრივილეგიები, რაც ამ მანდატს ახლავს თან. კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი, ალბათ, იმსჯელებს კანონმდებლობაში პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებაზეც.
„დაფინანსებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რაც მათ ხალხმა მიანიჭა, მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს ის სხვა პრივილეგიებიც რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს, ეს ეხება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებას.
ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე ამ შემთხვევაში უარი უნდა ეთქვას სახეწლმიფო დაფინანსებაზე. ეს იქნება ლოგიკური და, ალბათ, პარლამენტი ამაზე იმსჯელებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ წევრი და საარჩევნო შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ეს თემა დღის წესრიგში ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით დადგა. მისი თქმით, ივანიშვილი ამ გზით ცდილობს, დააშანტაჟოს ის პარტიები, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. კაპანაძის მტკიცებით, სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს პარლამენტში შესვლასთან დაკავშრებით ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაზე.
„ივანიშვილს ჰგონია, რომ ეტყვის პოლიტიკურ პარტიებს, თუ არ შეხვალთ პარლამენტში, მაშინ შეგიწყდებათ დაფინანსებაო, პარტიები გადაიფიქრებენ და შევლენ პარლამენტში და დათანხმდებიან არჩევნების გაყალბებას. გასაგებია ასე რატომ ფიქრობს – იმიტომ, რომ ასეა მენტალურად მოწყობილი თვითონ, მას ჰგონია, რომ შანტაჟი ყოველთვის მუშაობს.
ივანიშვილს თუ უნდა, რომ შეუწყვიტოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ეს შეუძლია გააკეთოს, ოღონდ შანტაჟით თუ დაგველაპარაკება, ბუნებრივია, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს. მისი გადასაწყვეტია, მას აქვს ახლა ერთპარტიული, თურქმენბაშის ტიპის პარლამენტი და რაც უნდა, ის გააკეთოს. შეუძლია პარტიების დაფინანსება შეწყვიტოს, შეუძლია დაიჭიროს პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ამის შესაძლებლობები ისედაც ჰქონდა ყოველთვის. იმსახურებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსებას – ამ დისკუსიაში არ ვაპირებ მასთან შეყოლას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.