პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ისევ ცვლის

პუბლიკა

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობას კვლავ ზრდის.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა (3/5) იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი.

კანონპროექტით, კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდვენო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით მიიღებენ.

იმ შემთხვევაში კი თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

„ზაფხულში, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შუალედური შეფასება გამოქვეყნდა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გამოთქვა მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. უახლოესს პერიოდში ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა უნდა დადოს, არ გვინდა არც ერთი კითხვა არსებობდეს – საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და სამართლიანად უნდა მიიღოს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

ძალაში დარჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. განახლება: პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით აღარ განიხილავს.

ბოლო პერიოდში ცესკოს თავმჯდომარისთვის საჭირო კვორუმი მესამედ იცვლება.

თავდაპირველად, ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით ასარჩევად გათვალისწინებული იყო 100 ხმა (2/3). იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი 100 დეპუტატის მხარდაჭერას ვერ მიიღებდა, მას კენჭი ხელახლა ეყრებოდა და უმრავლესობის მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში პოსტს 6 თვით იკავებდა.

საპარლამენტო უმრავლესობამ ეს წესი 2023 წლის ივნისში შეცვალა და ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევისთვის 76 ხმა განსაზღვრა.

კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 3 ივლისს დაძლია. ვეტოს წარდგენისას პრეზიდენტმა პარლამენტს კონსესუსურ ვერსიად 90 ხმაც შესთავაზა, თუმცა ამას უმრავლესობა არ დაეთანხმა.

ვეტოს დაძლევის პროცედურას ოპოზიციის პროტესტიც მოჰყვა. ოპონენტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ კენჭისყრის პროცესი უმრავლესობამ გააყალბა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პარლამენტს კენჭისყრაზე დეტალური ინფორმაციაც მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ.