პარლამენტის გენდერული საბჭო ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანისა და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს.
„პარლამენტის გენდერული საბჭო, პრემიერ-მინისტრის ოფისთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს. კვლევის მიზანია, შევაფასოთ, როგორ აისახა პანდემია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე და შევიმუშაოთ რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა ეკონომიკის სტაბილიზაციისა და აღდგენის პროგრამებში გაითვალისწინებს. ეს იქნება დამხმარე ინსტრუმენტი, რათა შევამციროთ ეკონომიკური ზიანი და ეფექტურად დავეხმაროთ ქალებს, როგორც მოწყვლად ჯგუფს და ეკონომიკაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას“, – აღნიშნულის შესახებ გენდერული საბჭოს წევრმა, ნინო წილოსანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იზრდება კარანტინის პირობებში სახლში დარჩენილი ქალების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ალბათობა.
„სწორედ ამიტომ, პარლამენტის გენდერული საბჭო, როგორც ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ინსტიტუტი, ვიწყებთ ამ თემებზე მუშაობას, კვლევასა და ადვოკატირებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
წილოსნის თქმით, გენდერული საბჭოს სამუშაო ჯგუფი ქალთა მიმართ ზიანის შემცირების მიზნით რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.