საქართველოს პარლამენტი გენდერული კვოტების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვეტოს საკითხი გადაეცა იურიდიულ კომიტეტს. საბოლოოდ მას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ჯერჯერობით, ცნობილი არაა, როდის გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად მიიჩნია“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა.
გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.
განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატარდა.
სექსისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა „გირჩი“, რომელიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ გენდერული კვოტრება ქალებისთვის ზიანის მომტანია.
განხილვის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ორი დღის განმავლობაში ორჯერ მიაყენა ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა.