პარლამენტი: პაპუაშვილი ხავიერ კოლომინას 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესზე ესაუბრა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრების გზაზე.

„ხავიერ კოლომინამ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა. მისი თქმით, საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ურყევია ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.

შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ნატოში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვიქტორ დოლიძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

მანამდე ხავიერ კოლომინა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.