პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭს ხვალ უყრის – თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს კენჭს ხვალ უყრის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პლენარულ სხდომაზე.

„მე მქონდა კონსულტაცია უმრავლესობის ლიდერთან და, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის ხელმძღვანელებთან. მათთან შეთანხმებით, გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ“, – განაცხადა თალაკვაძე.

პარლამენტის წევრებმა ხელის აწევით დაუჭირეს მხარი კენჭისყრის ხვალისთვის გადადებას. ამ გადაწყვეტილებამდე სიტყვა მოითხოვა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხვალ პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

პლენარული სხდომა ხვალ, 14 ნოემბერს, 12 საათზე დაიწყება.

კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინ დაიწყო, თუმცა პროექტის კენჭისყრა გუშინ არ მომხდარა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა გაიმართა „ქართული ოცნების” ოფისში, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

კონსტიტუციური კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, არჩევნები ჩატარდება ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, რაც ნიშნავს, რომ მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.