პარლამენტი სუს-ის 2021 წლის ანგარიშს უსმენს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშს სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგენს.

სუს-ის ხელმძღვანელმა საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მთავარ გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკა დაასახელა.

გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ 81 მოქალაქე დააკავეს. მათგან  11 მოქალაქე დააკავეს აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო 70 – ცხინვალის მიმართულებით.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ასევე გამოწვევაა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა და მათი მხრიდან პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობები. სუს-ის ცნობით, გამოიყენებოდა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოზე გავლენის ბერკეტების მოსაპოვებლად.

მნიშვნელოვან გამოწვევად დასახელდა ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ადგილი ჰქონდა ექსტრემიზმთან დაკავშირებულ ცალკეულ მოვლენებს.

ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობებს, რომელშიც საუბარია გარკვეული ჯგუფების მიერ საკითხების მიზანმიმართულ პოლიტიზებაზე.

„სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციის და სხვადასხვა პროვოკაციული ქმედების ორგანიზებისთვის მიმდინარეობდა ცალკეული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზება. აღნიშნულის მიზანს ქვეყანაში მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობა და საჭროებისამებრ გამწვავება წარმოადგენდა.

ამ მხრივ 2021 წელს განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში მოქმედი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და ლიდერები. უსაფრთხოების გარემოს ძირითადად აზიანებდა ამ ძალების დესტრუქციული ქმედებები და ძალადობრივი მოწოდებები, მცდელობები, რომელიც მიმართული იყო საზოგადოების პოლარიზებისკენ, სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეფერხების, დესტაბილიზაციის შექმნისა და ხელისუფლების დამხობისკენ“, – ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ანგარიშში საუბარია გამოძიებაზე, რომელიც უწყებაში სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაიწყო და რომლის ფარგლებშიც არაერთი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და საზოგადოების სხვადასხვა წევრი გამოიკითხა.

„გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად გამოიკვეთა, რომ ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი დამხობის გზით იგეგმებოდა დესტრუქციული ძალების მობილიზება, საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით გადაკეტვა, სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და შტურმი. აქტიურად განიხილებოდა აღნიშნულ პროცესებში ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების ჩართვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ანგარიშის განხილვის მომდევნო ეტაპის დახურულ ფორმატში გაგრძელების შუამდგომლობა დააყენა. რეგლამენტის მიხედვით, სხდომის დახურვის შუამდგომლობაც დახურულ ფორმატში განიხილება. ამ მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზი მედიამ დატოვა. გაითიშა პარლამენტის აპარატის მიერ უზრუნველყოფილი პირდაპირი ეთერიც.