საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების მიხედვით, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო თუ სხვა აქტები რუსულ ენაზე ითარგმნება.
დებულებაში, რომელიც 2006 წელსაა დამტკიცებული, ცვლილებები არაერთხელ შევიდა, მათ შორის, 2019 წელს. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე პუნქტი ამოიღეს კიდეც 2019 წელს, თუმცა რუსულ ენაზე თარგმნის ნაწილი უცვლელად რჩება.
„პუბლიკა“ პარლამენტის აპარატს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, ითარგმნება თუ არა პარლამენტის მიერ მიღებული ყველა აქტი რუსულ ენაზე. აპარატში დაგვიდასტურეს, რომ ყველაფერი ითარგმნება რუსულ ენაზე.
სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი თათული თოდუა წერს, რომ საკანონმდებლო აქტები სხვა ენაზე, მაგალითად, ინგლისურად არც ითარგმნება და შესაბამისად, არც დევს პარლამენტის ვებგვერდზე.
„არ მესმის ამ საქმიანობის მიზანშეწონილობა. იმედი მაქვს, შეიცვლება“, – წერს თათული თოდუა.
პარლამენტის აპარატში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ საკანონმდებლო აქტები რუსულ ენაზე ითარგმნება პოსტსაბჭოთა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობისთვის, რადგან მათთვის გასაგებ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი საკანონმდებლო ცვლილებები.
აპარატში იმასაც ამბობენ, რომ ინგლისურ ენაზე საკანონმდებლო ცვლილებებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ თარგმნის, ამიტომ პარლამენტის მიერ თარგმნა საჭირო აღარაა და ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია მაცნეს ვებგვერდზე.
დააწკაპუნეთ, მოიწონეთ და გააზიარეთ გამოცემა პუბლიკას ფეისბუქგვერდი