პარლამენტის ბიურომ პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ დაარეგისტრირა

პუბლიკა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის“ რეგისტრაციის თაობაზე. ამის საფუძველი გახდა ბიუროსადმი წარდგენილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა.

კომიტეტმა „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საკითხს მხარი გუშინ, 22 ივნისს დაუჭირა.

„მეათე მოწვევის პარლამენტის ცხოვრება დაიწყო არასტანდარტული გზით, რითაც ქართულმა დემოკრატიამ მაგალითი აჩვენა მსოფლიოს. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია მთელი რიგი სიახლეები საპარლამენტო ცხოვრებაში, რამაც მოითხოვა რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. გაჩნდა პოლიტიკური ჯგუფის ცნება, რომელიც არ არის ფრაქცია, მაგრამ ბევრი მისი მსგავსი უფლებამოსილება მიეცა, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოფილიყო ყველა იმ სუბიექტისათვის, ვინც ბარიერი გადალახა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

„გირჩის“ საკითხი 21 ივნისსაც განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გადაიდო, მიზეზად კი გირჩის საპარლამენტო სიით გასული დეპუტატის, ზურაბ ჯაფარიძის სხვა ფრაქციასთან შეერთება გახდა.