პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადასათვლელი საარჩევნო უბნები გამოავლინა

პუბლიკა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპის საფუძველზე, გადასათვლელი საარჩევნო უბნები გამოვლინდა. ამავე პრინციპით, შეარჩიეს საარჩევნო ბიულეტენების მთვლელები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, შერჩეული უბნები საქართველოს 7 რეგიონის სხვადასხვა ქალაქშია განაწილებული და წარმომადგენლობითი კუთხით საკმაოდ მოცულობითია.

გივი მიქანაძის ინფორმაციით, შერჩეული 41 უბნიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-ზე დამატებითი გადათვლა უკვე განხორციელდა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 38 საარჩევნო უბნიდან შერჩევითობის პრინციპით გამოავლინა 20 უბანი, სადაც ბიულეტენები თავიდან გადაითვლება.

20 საარჩევნო უბნიდან 10 თბილისში, ხოლო 10 უბანი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარეობს.