ტელეკომპანია „მთავარის” ინფორმაციით, მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვები და აქციების ატრიბუტიკა წაიღო, შემდეგ კი ტერიტორია მორეცხა.
პირდაპირ ეთერში ჩანს, რომ სატვირთო მანქანით ადგილზე საბავშვო ატრაქციონები მიიტანეს.
ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ნაგვის მანქანაზე იყო ასული და ცდილობდა, რომ შეეფერხებინა კარვების წაღება.
ამ ეტაპზე იკრიბებიან აქტივისტები. იქ ასევე მივიდა საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
„პუბლიკას” თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.
მათი თქმით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს.