ომბუდსმენობის კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ინტერესთა კონფლიქტით მიმდინარეობს, რადგან ერთ-ერთი კანდიდატი, პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია სხვა კანდიდატებს დეპუტატის მანდატით შეკითხვებს უსვამს.
„ამ პროცესში არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი იაგო ხვიჩია არის ერთ-ერთი კანდიდატი, მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი, ის იღებს მონაწილეობას გასაუბრებაში და მისი გუნდი ასევე სვამს შეკთხვებს და, რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებნი, როდესაც დადგება კანდიდატის არჩევის დრო“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ჯანეზაშვილის შეფასებით, ეს მიუღებელია. მისი პოზიციით, იაგო ხვიჩიას უნდა დაეყენებინა თვითაცილება ან პროცედურით უნდა არიდებულიყო ინტერესთა კონფლიქტი.
ომბუდსმენობის კანდიდატის განცხადებით, გუშინ საღამოს მან და სხვა კანდიდატებმა მიიღეს შეთავაზება, მივიდნენ იაგო ხვიჩიას გასაუბრებაზე და დაუსვან მას შეკითხვები.
„ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, რადგან აშკარაა, პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ერთი მხრივ, ის მონაწილეობდა სხვების გასაუბრებებში, სვამდა შეკითხვებს, ამავდროულად, მის გასაუბრებაში სრულიად განსხვავებულ რეჟმის გვთავაზობენ. ეს დამოკიდებულება არ არის მიზანშეწონილი, უნდობლობას იწვევს და საზოგადოებაში აჩენს ეჭვს, რატომაა ორმაგი სტანდარტი პარლამენტის წევრსა და სხვა კანდიდატებთან მიმართებაში.
როგორც იცით, მთელი გასაუბრების განმავლობაში პარლამენტის წევრები ცდილობდნენ, გაეგოთ, არის თუ არა კანდიდატი პოლიტიზებული. ვხედავთ, რომ ოფიციალურად პარლამენტის წევრი არის კანდიდატი და ამ საკითხს არ მიცემია შეფასება უმრავლესობის მხრიდან. ჩემთვის ეს არის მიუღებელი სტანდარტი“, – განაცხადა ჯანეზაშილმა.
ომბუდსმენობის კანდიდატმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ამ საკითხზე „ნეტგაზეთს“ მისცა კომენტარი. როგორც 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში ხვიჩია ამბობს, ის არ მიიჩნევს, რომ სხვა კანდიდატები მასთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან. ხვიჩიამ თქვა, რომ ის პარლამენტის წევრია და ისედაც ჰქონდა სხვებისთვის შეკითხვების დასმის პრივილეგია.
„პრივილეგია რაში მდგომარეობს? საბოლოო ჯამში, მაინც პარლამენტის წევრებმა უნდა დამიჭირონ მხარი. პარლამენტის წევრი ისედაც ვარ და ეგ პრივილეგია, რომ კომიტეტებზე მოვუსმინო სხვა ადამიანებს და კითხვები დავუსვა, სულ მქონდა, როგორც პარლამენტის წევრს. მე რა განსაკუთრებული პრივილეგია მომენიჭა ამ კონკურსში მონაწილეობით, რაც აქამდე არ მქონია?“, – ამბობს იაგო ხვიჩია ნეტგაზეთთან.
იაგო ხვიჩიას, როგორც ომბუდსმენობის კანდიდატს ადამიანის უფლებათა კომიტეტში, დღეს, 4 ნოემბერს მოუსმენენ.
დღესვე დაგეგმილი იყო ნაზი ჯანეზაშვილის მოსმენა, თუმცა მან განაცხადა, რომ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს.