პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

პუბლიკა

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გასაპტოტესტებლად პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

დაკავებები, მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან გადაინაცვლეს და განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობდნენ.

ამჟამად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის ორ შესასვლელთან – ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩების მხრიდან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“

იქამდე აქციის შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს”,- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.