პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა

პუბლიკა

პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაა. აქტივისტებს სურდათ, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვები და ბანერი წარწერით – „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს”, პარლამენტის შენობის წინ გადაეტანათ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

სამოქალაქო აქტივისტებს საკანონმდებლო შენობის უკანა შესასვლელთან რამდენიმე კვირაა კარვები აქვთ გაშლილი. მათ თქმით, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის დაკავებულია აქციის 10 მონაწილე.

მთაწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსის გოგა მემანიშვილის თქმით,  აქტივისტები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და ეწინააღმდეგებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. „იმყოფებოდნენ გზის სავალ ნაწილზე, აფერხებდნენ საავტომობილო გადაადგილებას, მოძრაობას უშლიდნენ ხელს და ჩვენი მოწოდების შემდეგ არ ემორჩილებოდნენ ჩვენს კანონიერ მოთხოვნას”, – ამბობს ის „მთავარ არხთან”.

„პუბლიკასთან“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მოძრაობა „ალტერნატივას“  წევრი ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი დაშავდა და ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

„პოლიციელმა გვერდში ჩაარტყა მუშტი და ცუდად გახდა ამის გამო. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. სულ სამი ადამიანი დაშავდა,”- ამბობს ის.