პარლამენტის თავმჯდომარემ კანონი დაარღვია - ის უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების” ლოგოიანი პირბადით მივიდა, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. 

კანონში წინასაარჩევნო აგიტაცია განმარტებულია, როგორც: ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მონაწილეობა ისჯება 2 000 ლარით.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ ერთმნიშვნელოვნად დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი.

„როგორც მოგეხსენებათ, ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად, აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი“, – განაცხადა იოსელიანმა.