პარლამენტის თემატური ჯგუფი facebook-თან აქტიური თანამშრომლობის საჭიროებას ხედავს

ვასკა მათითაიშვილი

რადგან Facebook-ის რიგი რეგულაციები არ ვრცელდება საქართველოზე, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის სავალდებულოობა და ე.წ. დარეპორტების მექანიზმის მორგება ქართულ კონტენტზე, საარჩევნო და საინფორმაციო მანიპულაციებს მტრულად განწყობილი შიდა და გარე ძალები უფრო თავისუფლად ახერხებენ, – ამის შესახებ საუბარია პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე.

მათი თქმით, საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, პარლამენტის ხელმძღვანელობით, დაიწყონ აქტიური თანამშრომლობა Facebook-თან, არსებული ხარვეზებისა და მომავალში პოტენციური პრობლემების აღმოსაფხვრელად. მათი თქმით, აღნიშნულის მხრივ, მყისიერი ნაბიჯები განსაკუთრებით რელევანტური იქნება 2020 წლის არჩევნების დაცვის კუთხით.

„Facebook-მა საქართველოსადმი გაზრდილი ინტერესი გამოავლინა 2019 წლის 20 დეკემბერს, როდესაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის  საქართველოში რეგისტრირებული 344 გვერდი წაშალა. ეს კი პრეცედენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ამ სოციალურ ქსელთან თანამშრომლობის დასამყარებლად და გასაღრმავებლად“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ინტერნეტის, სოციალური ქსელების განვითარებამ და ინფორმაციის მიმოცვლის ტემპის აჩქარებამ, დეზინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებასაც შეუწყო ხელი. საქართველოში სოციალური ქსელის, Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა 2011 წლიდან 2018 წლამდე სამჯერ გაიზრდა (დაახლოებით, 275 000-დან 800 000-მდე). ამასთან, CRRC-საქართველოს „კავკასიის ბარომეტრის“ გამოკითხვის მიხედვით, „ფეისბუქის“ მომხმარებელთა წილი ზოგადად ინტერნეტის მომხმარებელთა შორის 2011-2017 წლებში 37%-ით გაიზარდა.


2019 წლის თებერვალი-ნოემბრის პერიოდში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ჩაატარა ზეპირი და წერილობითი გამოკითხვები სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან. ანგარიშის მიხედვით, თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მიზანი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე ქვეყანაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და პრობლემების გამოკვლევა და ანალიზია.

თემატური მოკვლევის ჯგუფმა შეიმუშავა ტექნიკური დავალება და კითხვარი, გამოკვეთა დაინტერესებული მხარეები და ჩაატარა წერილობითი და ზეპირი გამოკითხვა წინასწარ შერჩეულ რესპონდენტებთან.

თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ:

  • ნინო გოგუაძე – პარლამენტის წევრი;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი – პარლამენტის წევრი;
  • ცოტნე ზურაბიანი – პარლამენტის წევრი;
  • ირინე ფრუიძე – პარლამენტის წევრი;
  • გიორგი ხატიძე – პარლამენტის წევრი;
  • გიგა ბოკერია – პარლამენტის წევრი;
  • გიორგი კანდელაკი – პარლამენტის წევრი;
  • სალომე სამადაშვილი – პარლამენტის წევრი.