პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ ხელახლა აღმართა

პუბლიკა

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართეს. დროშა თავის ადგილზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ დააბრუნა.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან“, – აცხადებს კახა კუჭავა.

პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ძალადობრივმა ჯგუფებმა, თავდაპირველად, 5 ივლისს ღირსების მარშის ჩასაშლელად რუსთაველზე გამოსვლის შემდეგ ჩამოხსნეს. 6 ივლისს, მას შემდეგ, რაც დროშა პარლამენტის წინ ხელახლა დაკიდეს, ძალადობრივმა ჯგუფებმა ის კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს.