პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება - უგულავა

პუბლიკა

კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობის ზრდისა და მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე ოპოზიციამ გადაწყვიტა, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ ჩაატაროს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა და დააკონკრეტა, რომ გეგმებზე სრულად ხვალ, 28 ნოემბერს, „ლეიბორისუტული პარტიის“ ოფისში შეკრებისას ისაუბრებენ.

„ჩვენი გეგმების შესახებ უფრო დაწვრილებით, უფრო სრულად ვისაუბრებთ ხვალ (28 ნოემბერს).  ერთი, რაც დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რაზეც საერთო კონსესუსი არსებობს, პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია არ იგეგმება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილისა და „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის თქმით, დაგეგმილი აქვთ ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ისინი ამბობენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა ბიზნესი დააზარალა და სურს, პირადად მოისმინოს მათგან, რა გამოწვევის წინაშე დგას სექტორი.

ანზორ ბიწაძე აცხადებს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს ოპოზიცია „გარკვეულ მოქმედებებს მიმართავს და პოლიტიკურ ნაბიჯებს“ აუცილებლად გადადგამს, თუმცა, მისი თქმით, როგორი ფორმის იქნება ეს, ხვალ გახდება ცნობილი.