პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო

პუბლიკა

მე-10 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. შესაბამისი დადგენილება 87 ხმით მიიღეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის ტრიბუნიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი წაუკითხა.

„მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის,  ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების  დაცვის სამსახურში“, – წაიკითხა ჟვანიამ.

ამის შემდეგ დარბაზში მყოფმა დეპუტატმა ერთხმად წარმოთქვა სიტყვა „ვფიცავ“.

პარლამენტის სასესიო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა.

პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის სხდომაზე 30-წუთიანი შესვენება გამოცხადდა.

სხდომას არ ესწრება „ოცნების“ ორი და ოპოზიციური პარტიების 60 დეპუტატი.