პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად, 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს.

სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს 18 მილიარდ 385 მილიონი ლარი იქნება. როგორც საკანონმდებლო ორგანოში მისი წარდგენისას ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თქვა, 2021 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა, ჯამურად, 20 მილიარდ 723 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 385 მილიონი ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტები, ჯამურად, 3 მილიარდ 125 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართული თანხები 787 მილიონ ლარს შეადგენს.

ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც მომავალი წლის ბიუჯეტზეც აისახა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დანაკარგი 2 მილიარდ 200 მილიონ ლარი იქნება, ამას ემატება ბიზნესის მხარდაჭერისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები, რამაც ჯამში 7 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაგვეზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,1 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე. დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელიც 2021 წელს სცდება 60-პროცენტიან ზღვარს. ახლა, ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რა პირობებში გვიწევდა 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ასევე, მომავალი წლისთვის, მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.3%-მდე შეამცირა. ივანე მაჭავარიანის თქმით, წლევანდელის მსგავსად 2021 წელს გაგრძელდება ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რაც ასევე გავლენას ახდენს მომავალი წლის ბიუჯეტზე.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეღავათით განვლილ პერიოდში ისარგებლა 35 ათასზე მეტმა კომპანიამ 430 ათასზე მეტ სამუშაო ადგილზე. ვფიქრობ, რიცხვები აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეღავათი სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა ფინანასთა მინისტრმა.