საქართველოს პარლამენტმა 83-83 ხმით მხარი დაუჭირა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გიორგი კოხრეიძისა და თამილა დოლიძის კანდიდატურებს.
გიორგი კოხრეიძე აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორია. იგი დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც წინა დირექტორს, ნათია კაპანაძეს, 2019 წელს იმპიჩმენტი მოუწყვეს. კოხრეიძის დირექტორობის დროს „აჭარის ტელევიზიიდან“ არაერთი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი გათავისუფლდა. თამილა დოლიძე კი აჭარის მაუწყებლის ბორდის წევრი იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ივლისში პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა მიხედვითაც, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო გაუქმდა და მისი კომპეტენცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ შეითავსა. ამასთანავე, 9-დან 11-მდე გაიზარდა სამეურვეო საბჭოს წევრების რაოდენობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ერთის ნაცვლად სამი კანდიდატის დასახელების უფლებამოსილება მიენიჭა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონში ცვლილებები კრიტიკულად შეაფასეს. „კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებულ მოდელს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება“, – ასე აფასებენ ორგანიზაციები ამ ცვლილებებს.