საქართველოს პარლამენტმა 82 დეპუტატის მხარდაჭერით პირველი მოსმენით მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი.
ეს კანონპროექტის განხილვის პირველი ეტაპია, მის საბოლოოდ მიღებას მეორე და მესამე მოსმენის გავლა სჭირდება. ამნისტიის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე, სექტემბრიდან განახლდება.
კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, სასჯელის 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამნისტია 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება. დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრი ერთი წლით შეუმცირდება.
ინიციატორები ამბობენ, რომ ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
კანონპროექტის განხილვაში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მონაწილეობდნენ „გირჩის“ დეპუტატები, თეონა აქუბარდია.
თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ „ამნისტია ეხებათ ზონდერებს“. მისი შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი არ არის სამართლიანი „როცა ის დანაშაულის ჩამდენებს ეხება, მაგრამ არ ეხება რუსული კანონით დაზარალებულებს, რომლებიც კანონის მიღებას მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და დღეს ზოგი დაჯარიმებულია, ზოგი ბრალდებული, ზოგი დაკავებული“.
აქუბარდიას პასუხად კანონპროექტის მომხსენებელმა რატი იონათამიშვილმა „არაკომპეტენტური“ უწოდა.
„ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა“, – უპასუხა იონათამიშვილს აქუბარდიამ.
„გირჩის“ დეპუტატებისთვის უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი პროექტი მისაღებია, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ უმჯებესი იქნება, თუ ის საყოველთაო გახდება და სხვა დანაშაულებსაც შეეხება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ამ ქალაქში აღმოჩნდა ხალხი, რომლებმაც ხელის მოთბობა გადაწყვიტეს ამ საკითხებით“.
„ეს შეიძლება ნახევრად სკანდალური, ძალიან უცნაური, ბრალდების შემცველი ინფორმაცია იყოს, მაგრამ ეს ასეა და ბევრმა ადამიანმა იცის ეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს კონკრეტული არაფერი უთქვამს, თუმცა ირწმუნება, რომ არსებობს ხალხი, რომელიც პატიმრების ოჯახს კანონპროექტში გარკვეული მუხლების ჩამატებას ჰპირდება, ასევე ცდილობენ მმართველი გუნდის შანტაჟს და ამ მიზნით პატიმრებს უთვლიან, რომ შეიძლება შიმშილობის დაწყება ან ქუჩაში გამოსვლა შედეგიანი იყოს.
ამნისტიის კანონპროექტის გაფართოებას პატიმრების ოჯახის წევრები მოითხოვენ. საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტთან კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდა.
მანამდე, 16 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ციხეში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.
გახარიას პარტიამ ამნისტიის კანონპროექტზე განცხადება გაავრცელა:
„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ეხება ზონდერებს და არ ეხება ევროპული მომავლის დასაცავი აქციის მონაწილე დაზარალებულებს, ვერ იქნება სამართლიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.