პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 83 ხმით, ერთხმად მიიღო.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
მომხსენებელმა მიხეილ სარჯველაძემ კოლეგებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ გაიზიარეს.
მისი თქმით, საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 126-ე მუხლის გარკვეულ ნაწილებზე გავრცელებულიყო ამნისტია.
როგორც მესამე მოსმენით მხარდაჭერილ ვერსიაში ვკითხულობთ, ამნისტია გავრცელდება 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილზე, 1 პრიმა ნაწილის „ბ“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით ან მე-2 ნაწილის „ა“, „ი“ ან „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე;
„კანონპროექტი ადამიანების ფართო წრეს უშუალოდ შეეხება. ეს არის იმ მუშაობის შედეგი, რომლის შედეგადაც, 1 500-ზე მეტ მოქალაქეს, რომელიც საპატიმროში იმყოფება, შეეხება ამნისტია. ასევე, ამნისტია შეეხება დაახლოებით ექვსი ათასზე მეტ პრობაციონერს და ოთხი ათას ისეთ პირს, რომელსაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებული ჰქონდა სისხლის სამართლის განაჩენით ჯარიმები. შესაბამისად, საკმაოდ ფართოა წრე ადამიანების, რომლებსაც „ამნისტიის შესახებ“ კანონი ადგენს“, – განაცხადა სარჯველაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.