პარლამენტში მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს, რომლითაც უქმდება საკრებულოებში 40%-იანი ბარიერი და საპარლამენტო სიებში ჩნდება ახალი ცნება – დელეგატი.
პარლამენტის მიღებული კანონის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება.
„საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. თუ 40%-იან ბარიერს ვერცერთი კანდიდატი ვერ გადალახავს, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.
კანონპროექტით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
ასევე ცვლილებები შედის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც – საარჩევნო კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, საპარლამენტო სიაში შეყვანილი პირი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს.
ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.
გარნმარტებითი ბარათის თანახმად, ეს საჭიროა „საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით”.