პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი –  2 იყო.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესწორებული კანონპროექტი შეაფასა. კომისია წერს, რომ არ არის დარწმუნებული, რომ კანონპროექტში შეტანილმა ცვლილებებმა, შეიძლება, გამოასწოროს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი შეუთავსებლობა. კომისიის დასკვნით, შესწორებული კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ნაცვლად „პერსონალური მიდგომისა“ უნდა გატარდეს „სისტემური მიდგომა“.

სისტემური რეფორმისთვის, კომისიის მოსაზრებით, საჭიროა სხვადასხვა სფეროს რეფორმა, ასევე სასამართლო სისტემის ერთიანი რეფორმა.

ვენეციის კომისიის პირველი კრიტიკული დასკვნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტში ცვლილებები შეიტანა და განახლებული ვარიანტი ვენეციის კომისიას უკან გადაუგზავნა.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის მისაღწევად სისტემური მიდგომის შემუშავება იყო. მათი შეფასებით, ქართული კანონპროექტი პერსონალურ მიდგომას ემყარება.

კანონპროექტის ავტორებმა მასში რიგი ცვლილებები შეიტანეს, მაგალითად, ოლიგარქთა რეესტრი მთავრობის ნაცვლად ანტიკორუფციულ ბიუროს დაუქვემდებარეს; ასევე დააზუსტეს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული პუნქტები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვანი გავლენის დეფინიცია და სხვა ტექნიკური დეტალები.