პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, დრამატული არაფერი ხდება - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, თავს ცოტა სუსტად გრძნობს, პარლამენტმა კი მისთვის სასწარაფო დახმარება გამოიძახა. თუმცა, მისი თქმით, „დრამატული არაფერი ხდება“.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია. წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს, გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია, პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში.

დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ. ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში“, – წერს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია რუსთავში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად 3 ნოემბრიდან შიმშილობს. ის მოშიმშილე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. ელენე ხოშტარიას თქმით, იღებს მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას.

დღეს „დროას“ ლიდერი მისმა ექიმმაც მოინახულა. მაია ცანავამ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელენე ხოშტარია თავს გრძნობს სუსტად, მაგრამ მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკამყოფილებელია.