პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პუბლიკა

პარლამენტმა არ გაიზიარა გენდერული კვოტირების გაუქმების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები (ვეტო) და კანონს კვლავ პირვანდელი რედაქციით დაუჭირა მხარი.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში ერთ-ერთი პრიორიტეტი გენდერული თანასწორობა იყო და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით, მათ შორის, კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებით ეს პუნქტი შესრულებულად ჩაითვალა.

პრეზიდენტის პოზიციით, კვოტირების გაუქმება ამ მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯია.

„პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში. ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა ცალკეულმა ცვლილებებმა კვლავინდებურად ვერ მოახდინა არსებითი გავლენა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდაზე. ამ ფონზე პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კიდევ უფრო გააუარესებს ქალთა წარმომადგენლობას პოლიტიკაში“, – წერია პრეზიდენტის ვეტოში.


პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა.

გენდერული კვოტების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი „გირჩი“ იყო და მას საპარლამენტო უმრავლესობა უჭერდა მხარს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.

განხილვა პარლამენტში ხმაურით, სექსისტური, მიზოგინური, შეურაცხმყოფელი განცხადებების და კომენტარების ფონზე ჩატარდა.

სექსისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა „გირჩი“, რომელიც ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ გენდერული კვოტრება ქალებისთვის ზიანის მომტანია.

განხილვის დროს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ორი დღის განმავლობაში ორჯერ მიაყენა ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა.