პარლამენტმა ჰომოფობიური კანონპროექტის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა

პუბლიკა

პარლამენტმა ჰომოფობიური საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა.

კენჭისყრა დღეს, 16 აპრილს, პლენარულს სხდომაზე ჩატარდა და დადგენილებას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კომისიის შემადგენლობაში შევლენ:

  1. შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე
  2. მამუკა მდინარაძე – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
  3. რატი იონათამიშვილი – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
  4. ირაკლი შატაკიშვილი – უმრავლესობის წევრი
  5. მაკა ბოჭორიშვილი – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
  6. ანრი ოხანაშვილი – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე
  7. დავით მათიკაშვილი – იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  8. სალომე ქურასბედიანი – გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  9. თენგიზ შარმანაშვილი – თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
  10. სოზარ სუბარი – „ხალხის ძალის“ ლიდერი
  11. ფრიდონ ინჯია – „ევროპელი სოციალისტები“
  12. შალვა კერესელიძე – „საქართველოსთვის“
  13. კომისიის მდივანი – ნინო შავგულიძე

რეგლამენტის მიხედვით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში განიხილავს ამ პროექტთან დაკავშირებულ მასალებს და განხილვის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს. კომისია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის მიზნით, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით, მართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

ჰომოფობიური კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და მასთან ერთად კონსტიტუციური კანონის პროექტი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ პარლამენტში 3 აპრილს დარეგისტრირდა.