126 მომხრე, 0 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროეტს, ოღონდ იმ პუნქტის გარეშე, რომელიც გენპროკურორის არჩევის წესს განსაზღვრავს.
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტით, ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში და მის მე-2 მუხლს ემატება მე-11 და მე-13 პუნქტები, რომლებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე, დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.
კენჭისყრაზე არ გამოვიდა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.
ამ საკითხზე პარლამენტში დღეს დისკუსიაც გაიმართა.
ამ პუნქტის ამოღების მომხრეები იყვნენ „ქართული ოცნება“ და „მოქალაქეები“, ხოლო დანარჩენი ფრაქციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გენპროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი იყო, პროკურატურას მეტ ლეგიტიმაციას მიანიჭებდა, რაც, მათი თქმით, მმართველი გუნდის ინტერესში არ არის. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.