პარლამენტმა I მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაში რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტმა 79 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

  • კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ხელშეუხებელია. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  • ზუსტდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებასა ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.
  • განისაზღვრება, რომ თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ანტიკორუფციული ბიურო შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიანი პერიოდის განმავლობაში მიუთითებს ამ ხარვეზზე და განუსაზღვრავს 1-თვიან ვადას მისი აღმოფხვრისათვის. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის მიმდინარეობისას ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პროცედურის განხორციელება არ ათავისუფლებს პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. ამასთანავე, განისაზღვრება, რომ აღნიშნული ხარვეზის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია კი მონიტორინგს დაექვემდებარება.
  • უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა თავმჯდომარეების, საქართველოს მთავრობის წევრის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.
  • განისაზღვრება, რომ თუ პოლიტიკური პარტია ანტიკორუფციულ ბიუროს კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე პარტიის რეგისტრაცია გააუქმოს.

კანონპროექტის ავტორების თქმით, მისი მიღება მიზნად ისახავს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას.

პარლამენტმა 80 ხმით დაუჭირა მხარი სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.