„ქართული ოცნების“ პარლამენტმა I მოსმენით, 79 ხმით, დაჩქარებული წესით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება.
ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის.
„ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ კანონპროექტის წარდგენისას თქვა, რომ ინიციატივის მიზანია, შეიქმნას ახალი საბაკალავრო პროგრამა „საზოგადოებრივი მართლწესრიგი და საპოლიციო საქმე“.
„ეს იქნება ახალი ფაკულტეტი, სადაც შესაძლებლობა გაჩნდება მომავალმა პოლიციელებმა უმაღლესი განათლება საპოლიციო საქმის მიმართულებით მიიღონ“. – თქვა მან.
ცვლილების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება და მისი სახელწოდება შეიცვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიით (პოლიციის აკადემია).
კანონის ცვლილებაში აღნიშნულია პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.
„ეს ცვლილებები იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მოვიზიდოთ ახალი, კვალიფიციური კადრები, რომლებსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება ექნებათ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, სწავლის პერიოდში თითოეული სტუდენტი სრულად უზრუნველვყოთ კვებით, საცხოვრებლით, ფორმით, ტაქტიკური, ფიზიკური თუ საცეცხლე მომზადებით. სწავლის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მათი სისტემაში დასაქმების ვალდებულებას იღებს“, – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
ახალი მოდელით, პროგრამაზე ჩაირიცხებიან პირები, რომლებიც გაივლიან პოლიციაში სამუშაოდ დადგენილ შემოწმებას ან ჩააბარებენ ეროვნული გამოცდებს. სწავლის დაწყების შემდეგ მათ მიენიჭებათ საწყისი სამსახურის სტატუსი რიგითი, ხოლო სწავლის დასრულებისას – ლეიტენანტი.
დოკუმენტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ინიციატივის მიზანია საპოლიციო პროფესიის განვითარება, მომზადების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და სამართალდამცველ სისტემაში აკადემიური კადრების გაძლიერება.
დოკუმენტში მითითებულია, რომ კურსდამთავრებულები ვალდებული იქნებიან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში.
ამავე დროს, განმარტებითი ბარათის თანახმად,, დასახელებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.