პარლამენტმა II მოსმენით დაუჭირა მხარი „ამნისტიის შესახებ“ პროექტს

პუბლიკა

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.

მეორე მოსმენის დროს განხილული დოკუმენტი კორექტირებული იყო.

კანონპროექტით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდადებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით გავრცელდება.

მომხსენებლის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდადებული პირის მიერ.

კანონპროექტის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდადებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება დაზარალებულების თანხმობა.

დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის ბრალდებული პირები.

თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.

კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს.

მომხსენებლის განცხადებით, რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.

პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.

პარლამენტის ცნობით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება.

მათივე ინფორმაციით, ამნისტიის კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.

მეორე მოსმენით განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა „გირჩი“. პარტიის თავმჯდომარე პროექტში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს.

„მეორე მოსმენით წარმოდგენილი „ამნისტიის შესახებ“ პროექტი გაუარესებულია – ხელისუფლებამ ადამიანები, რომელთაც გათავისუფლებას შეჰპირდა, გადააგდო! იმ ხალხის მდგომარეობა გაუარესდა, ვინც შეიძლება უკვე ზეიმობდა“, – განაცხადა ხვიჩიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ უმრავლესობამ არავის შენიშვნა არ გაითვალისწინა.