პარლამენტმა III მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსებას უზღუდავს

პუბლიკა

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 82 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონსა და „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები.

კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემის აკრძალვას.

ასევე, კანონპროექტით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს, ნაცვლად 0.05%-ისა.

ამავე პროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიისთვის შემომწირველი ფიზიკური პირის ფინანსების ასევე, აკრძალული შემოწირულების განმახორციელებელი იურიდიული პირის ფინანსების შესახებ.

შემოწირულობის დარღვევით გაცემა გამოიწვევს აკრძალული შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმებას აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით .

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია.