პარლამენტმა რუსული კანონპროექტი ჩააგდო. დღეს, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გაიტანეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა დეპუტატმა კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი – დიმიტრი სამხარაძე.
თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევდა.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.
მმართველი პარტიის დაპირების მიუხედავად, კანონპროექტების გაწვევის შესახებ, 9 მარტს კვლავ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა პარლამენტთან. მოქალაქეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ – დროულად ჩანიშნულიყო პლენარული სხდომა, სადაც რუსულ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და მეორე – გაეთავისუფლებინათ აქციებზე დაკავებულები. პარლამენტის პლენარული სხდომა 10 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს.