პარლამენტმა მესამე მოსმენით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მიიღო

პუბლიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგი წავიდა.

კანონპროექტით აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე პირთა მიერ არჩევნებზე გამოცხადებული ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

ასევე, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება, რომელიც ექვემდებარება ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას.

აღნიშნული მუხლის დღეს მოქმედ ვერსიაში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ „კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია”. ცვლილებების შემთხვევაში, ეს წინადადებაც ჩამოყალიბდება შემდეგნაირად – „კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია”.

კანონპროექტი მოიცავს გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხსაც. მისი მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ცესკოს  უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. სხვა შემთხვევაში ის ვერ დარეგისტრირდება.

ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში მკაცრდება რეგულირების მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას (დაჯარიმებას) გამოიწვევს.

დღეს მოქმედი ნორმით, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.