პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.
მიღებული კანონით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდადებულ პირებზე მხოლოდ გარკვეული დათქმით გავრცელდება.
მომხსენებლის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 238/1 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდადებული პირის მიერ.
მიღებული კანონით, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდადებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულების თანხმობა იქნება.
დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის ბრალდებული პირები.
თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.
ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს.
მომხსენებლის განცხადებით, რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იმავე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.
მიღებული კანონით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
პარლამენტის ცნობით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება.
მათივე ინფორმაციით, ამნისტიის კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
პლენარულ სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა.
კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვაში აქტიურად მონაწილეობდა „გირჩი“. უმრავლესობამ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა.