პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით მიიღო „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება.
პროექტის მიხედვით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები გაუქმდება, სანაცვლოდ კი მოქალაქეებზე გაიცემა ელექტრონული ID მოწმობები, რომელზეც დაიტანენ შესაბამისი პირის იმავე საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
ე.წ. ლამინირებული მოწმობები 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება.
გარდა ამისა, 13 დეკემბერს პარლამენტმა 79 ხმით მხარი დაუჭირა ფრიდონ ინჯიას ინიციატივას ე.წ. ლამინირებული, ძველი პირადობის მოწმობებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს ორი კანონპროექტი დაბალანსებულ მდგომარეობას შექმნის.
კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც რელიგიური შეხედულების ან სხვა მიზეზის გამო უარს აცხადებს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, გამონაკლისის სახით, პირადობის მოქმედი ე. წ. მოკლევადიანი არაელექტრონული მოწმობებით შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობას.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ „ვისაც რაღაც შეხედულების გამო მაინც არ აქვს სურვილი, რომ აიღოს ახალი ბარათი, მასაც ექნება საშუალება, აიღოს ოღონდ დროებით, ერთთვიანი ძველი პირადობის მოწმობა“.
ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ „რელიგიური მოსაზრებების“ გამო დაახლოებით 65 ადამიანი ამბობს უარს ID ბარათის შეცვლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი – რამდენიმე ათეული“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მოცემული საკითხი პოლიტიკური პარტიების შეჯერებული პოზიციის შედეგია და ემსახურება როგორც მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციურ უფლებას, ასევე ეუთო/ODHIR-ის რეკომენდაციებსაც ასახავს.