პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს პარლამენტის 5 ახალი წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, გიორგი ამილახვარის ადგილმონაცვლე გიორგი ჩაკვეტაძეა. ის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.
პარლამენტში ირაკლი კოვზანაძის ადგილმონაცვლე თენგიზ შარმანაშვილი იქნება. ის IV-ე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (1995-1999 წლებში), ედპ-ს პარტიული სიით. 2016 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველია.
კიდევ ერთი ყოფილი დეპუტატის გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლე მერაბ ქვარაია გახდა. მერაბ ქვარაია „ოცნების“ წევრია. ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2016-2020 წლებში.
ასევე, პარლამენტის ყოფილი წევრის ნინო იობაშვილის ნაცვლად დეპუტატის მანდატს სალომე ქურასბედიანი დაიკავებს. სალომე ქურასბედიანი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის თანამშრომელი იყო.
დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია კი პარლამენტში ირაკლი კირცხალიამ ჩაანაცვლა. მის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იყო. მისი განათლებისა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
უმრავლესობიდან 5 დეპუტატის წასვლის შესახებ ინფორმაცია რუსული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ გავრცელდა. მათგან სამი ის დეპუტატია, რომელმაც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა – ნინო იობაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი ხელაშვილია. გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად დაინიშნა, ხოლო ირაკლი კოვზანაძე, როგორც მმართველ პარტიაში თქვეს, კერძო სექტორში აპირებს გადანაცვლებას.