პარლამენტმა მხარი დაუჭირა იმ ნორმის გახანგრძლივებას, რის საფუძველზეც მთავრობას შეზღუდვების დაწესება შეუძლია

პუბლიკა

81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება.

ამჟამად აღნიშნული კანონის შესაბამისი მუხლი 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილებას აძლევს.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ 15 დეკემბერს გააცნო.

„ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის მოქმედების დრო ექვსი თვით გახანგრძლივდება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ეხება კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ამ კანონმა მისცა სახელმწიფოს საშუალება, კიდევ უფრო დიდი, შესაძლო ზიანი თავიდან აეცილებინა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებებით, კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რის მიხედვითაც შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან;